დრიფტი

დრიფტი  ავტოსპორტის ერთ-ერთი დაძაბული და სანახაობრივი სახეობაა.

დრიფტი – ეს არის მოცურებული ავტომობილის კონტროლი და მოცურებულ მდგომარეობაში სხვადასხვა მანევრის შესრულება. შეჯიბრზე გამარჯვებული ვლინდება ჟიურის დახმარებით. ჟიურის წევრები შეიძლება იყვნენ ავტოსპორტთან ახლოს მყოფი ადამიანები ან შერეული, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

დრიფტის უნიკალურობა იმაშია, რომ შეჯიბრის შედეგი დროით არ ფასდება. მრბოლელის გამოსვლის ხარისხი რამდენიმე პარამეტრით განისაზღვრება:

მოსახვევის გავლის ტრაექტორია – არსებობს სპეციალუად მონიშნული წერტილები, რომელთანაც ახლოს გავლით განისაზღვრება ქულების ოდენობა.

მოსახვევის გავლის კუთხე – რაც უფრო მეტია კუთხე, მით მით უფრო მაღალია ქულა.

სიჩქარე – რაც უფრო მაღალია სიჩქარე მანევრების შესრულებისას, მით უფრო მაღალია ქულა.

სანახაობრიობა და სტილი - აი რა არის დრიფტის მთავარი მახასიათებელი.

 

დრიფტის შეჯიბრზე მონაწილეობის მიღება შეიძლება როგორც ჩვეულებრივი საგზაო ავტომობილით, ისე სპეციალურად შეჯიბრისთვის მომზადებული სპორტული ავტომობილით.

დრიფტის სამშობლო იაპონიაა, მაგრამ მან უამრავ ქვეყანაში ფართო გავრცელება ჰპოვა. დღესდღეობით მსოფლიოში ძალიან ბევრი შეჯიბრი ტარდება დრიფტში: პროფესიონალური სერიები იაპონიაში, აშშ-ში, ევროპაში, ავსტრალიაში და ა.შ. ყველაზე სახელგანთქმულია იაპონური სერია D1 Grand Prix.

საქართველოში დრიფტის ჩემპიონატის ორგანიზატორია BMW Club Georgia. ჩემპიონატის ეტაპების ძირითადი ნაწილი იმართება რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის სპეციალურად დრიფტისთვის შექმნილ მონაკვეთზე.

დრიფტის ჩემპიონატზე, ქართველი სპორტსმენების გარდა, მონაწილეობას ხშირად იღებენ უცხოელი დრიფტერებიც.