რალი

რალი საავტომობილო სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა, რომელიც იმართება საყოველთაო მოხმარების გზებზე. რალი შედგება გზის ორი ძირითადი ნაწილისგან – ჩქაროსნული (სარბოლო) მონაკვეთი და მონაკვეთი, რომელიც ჩქაროსნულ მონაკვეთებს შორის გადასაადგილებლად გამოიყენება. ჩქაროსნულ მონაკვეთებს აკონტროლებენ მსაჯები და მონაწილეების მიზანია, რაც შეიძლება ნაკლებ დროში დაფარონ ის, ხოლო მათ შორის გადასაადგილებელ მონაკვეთებზე, ეკიპაჟი ვალდებულია დაიცვას საგზაო მოძრაობის წესები, ვინაიდან ისინი მოძრაობენ რიგით მძღოლებთან ერთად.

მაყურებლისთვის რალის გულშემატკივრობა რთულია, რადგან სპეციალური ჩქაროსნული მონაკვეთები ერთმანეთისგან შესაძლოა ათეულობით კილომეტრით იყოს დაშორებული და ისინი თავისი ფავორიტი ეკიპაჟის მხოლოდ ერთი მოსახვევის გავლას თუ უყურებენ.

 

საქართველოს რალის ჩემპიონატზე კლასები იყოფა შემდეგნაირად:

  • 1600cc ძრავის მქონე ავტომობილების კლასი
  • აბსოლუტური კლასი
 

სამოყვარულო რალიში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა.

რალის დიდი ისტორია აქვს. პირველი რალი ჩატარდა 1894 წელს საფრანგეთში მარშრუტით პარიზი-რუანი.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რალი – “რალი მონტე-კარლო” იმართება 1911 წლიდან მონაკოში და საფრანგეთის რივიერაზე. .

რალის სახეობაში მსოფლიოს უდიდესი ღონისძიებაა “რალი დაკარი“, რომელიც პირველად 1978 წელს გაიმართა “Amaury Sport Organisation”-ის ორგანიზებით. მისი მარშრუტია პარიზი-დაკარი. მსოფლიოში მიღებულია რალის ჩატარება ნებისმიერ კლიმატურ თუ გეოგრაფიულ გარემოში – უდაბნოში, ჯუნგლებში, ყინულზე და თოვლში. “რალი დაკარის”  დიდი ნაწილიც აფრიკის კონტინენტის თითქმის გაუვალ ადგილებში გადის.

1973 წლიდან იმართება მსოფლიო ჩემპიონატი რალიში, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში გამართული შეჯიბრებების სერიაა. ჩემპიონატის ეტაპები იმართება მონტე-კარლოში, შვედეთში, მექსიკაში, ახალ ზელანდიაში, კვიპროსზე, საბერძნეთში, თურქეთში, არგენტინაში, ფინეთში, გერმანიაში, იაპონიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და ავსტრალიაში.

საქართველოში რალის დიდი ისტორია აქვს. 2000-იანი წლების დასაწყისში მევლუდ მელაძემ და არჩილ ბიძინაშვილმა რამდენჯერმე შეძლეს აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატის ეტაპებზე საპრიზო ადგილების დაკავება.